გიგა ბოკერია - არ მაქვს ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, დისკუსია არის სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიცაა სტრუქტურული ცვლილებები და პერსონალური გადაწყვეტილებები
არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს, დისკუსია არის სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიცაა სტრუქტურული ცვლილებები და პერსონალური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე დისკუსია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, პარტიის გეგმებს უკავშირდება.
„რამდენიმე კვირაა, პარტიის შიგნით აქტიური დისკუსია გვაქვს პარტიის გეგმებზე, ბუნებრივია იმ კონტექსტში, როგორ რთულ ვითარებაშიც არის ქვეყანა გაყალბებული არჩევნების ფონზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ასე იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების მერე ყველა პარტია ასეთ დისკუსიას მართავს და ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დისკუსიის გამართვა. ეს დიდი ხნის ამბავია, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ ამ ამბავმა არაზუსტი ფორმით პრესაში გაჟონა. არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ასევე პერსონალური გადაწყვეტილებები. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე საბოლოოდ მიღებული არ არის. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოება და მათ შორის მედია გაიგებთ. ბუნებრივია, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ გეტყვით ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პარტიის თავმჯდომარის ცვლილება, ბოკერიამ უპასუხა, რომ საკითხის ასე დაყენება მიუღებელია.
„საკითხის ასე დაყენება მიუღებელია. ამაზე მეტს ვერ გეტყვით. როცა ეს გადაწვეტილება მიიღება, მას შემდეგ ხდება საზოგადოებისთვის ამის გაცნობა. პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩემგან არასწორი იქნება გადაწყვეტილებამდე წინასწარ საუბარი. ყველა საკითხს ვიხილავთ, ჩვენთან ფორმალურადაც არჩევნების შემდეგ ხდება პოლიტსაბჭოს არჩევა, სხვა საკითხები ახლა არის დისკუსიის ქვეშ, მაგრამ ცოტა ხანში, მათ შორის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება და საზოგადოებას ეცნობება.
ეს დისკუსია საერთოდ არ ეხება იმ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად არცნობასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგია იმ რაღაცებთან არის კავშირში, რაც შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, შეხვდა თუ არა გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს, ბოკერიამ უპასუხა, რომ არ აქვს ინფორმაცია შედგა თუ არა მათ შორის ბოლო პერიოდში კომუნიკაცია.
„ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ახლა, ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ისე, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტნიორ ძალასთან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ კონკურენციის, ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი გვაქვს ყველა ჩვენ კონკურენტთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. არის საკითხები, რომელშიც ჩვენ პარტნიორები ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ერთ-ერთი ასეთი საკითხია პარლამენტის ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდეს, ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს არ განიხილება.