გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო ოპოზიციამ 4 აპრილის აქცია გადადოს
გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო ოპოზიციამ 4 აპრილის აქცია გადადოს

დავაკვირდებით, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, მით უმეტეს თუ გაუარესდა, ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას განვიხილავთ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ 4 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ შეიცვლება, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით, შესაბამისად იმოქმედებენ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„ისედაც პროაქტიურად მთელი სპექტრი აპირებდა ამაზე კომენტარის გაკეთებას და ბუნებრივია, დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, ვხედავთ, როგორი სერიოზული გამოწვევაა ეს. ჯერ ერთი, მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. როგორი სახიფათოც არ უნდა იყოს, პანიკა არაფერს არ შველის, მაგრამ პირველ რიგში მოვუწოდო მთავრობას, რომ ამ ვითარებაში მაინც, მთელი კონცენტრაცია ჰქონდეთ ამ საქმეზე და აღარ დავიწყებ ახლა იმ ლეგიტიმური კრიტიკის გამეორებას. ამის შემდეგ მაინც საქმე გააკეთონ. ამასთან ერთად ჩვენ დავაკვირდებით, ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ასე ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს. განვიხილეთ საკითხი, ჯერჯერობით საქმე მიდის ცუდად და ამიტომ ცოტა რეალისტურია, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ განიხილოს გადადება.

შევხედავთ, თუ გამოსწორდა ვითარება არსებითად, ბევრი ვარაუდია, რომ ტემპერატურის დათბობასთან ერთად, სხვა ვირუსების მსგავსად, აქ შეიძლება ამოიწუროს ეს პრობლემა. ბუნებრივია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღარ იქნება გავრცელება, ოღონდ ეს არ ვიცით. თუ არ გამოსწორდა ვითარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ მე მგონი გასაგებია, საითაც მიდის ყველაფერი ხომ, თუ არ გაუმჯობესდა ვითარება, არ დასტაბილურდა და მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა,  თავყრილობის გადადება ლოგიკურია, რასაც შევატყობინებთ საზოგადოებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.