გიგა ბოკერია - აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალებისგან, „ევროპული საქართველო" არსებითად განსხვავდება
გიგა ბოკერია - აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალებისგან, „ევროპული საქართველო" არსებითად განსხვავდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართული აქციების ორგანიზებაში „ევროპულ საქართველოს ” მონაწილეობა არ მიუღია. ბოკერიას თქმით, მისი პოლიტიკური ძალა არსებითად განსხვავდება იმ ძალებისგან, რომლებმაც აქციების მოწყობაში მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ თანავუგრძნობდით ბატონ სარალიძეს ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მისი მოწოდების გამო, ამ პროტესტში მონაწილეობას ვიღებდით. სამწუხაროდ, ჩვენი განსხვავებები იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც რეალურად უფრო ახლოს იყვნენ ორგანიზებასთან, არის ძალიან არსებითი, და მათი განცხადებებიდან ეს დასკვნები ძალიან მარტივად​ შეგიძლიათ​ გამოიტანოთ “,-განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური ძალების მოთხოვნა, რომ შეხვედროდნენ პრემიერ-მინისტრს, პიარის აქცია იყო.

„ეს იყო პოლიტიკური პიარის აქცია. შეიძლება ლეგიტიმურია მათი მხრიდან, რომ მივიდნენ პრემიერთან, რომელიც არ შეხვდება მათ. ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალებთან იმდენად დიდი განსხვავება გვაქვს, რომ ამაში  მონაწილეობას ვერ მივიღებთ”,-განაცხადა მან.