გიგა ბოკერია - ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს რადიკალური გეგმა ისეთი სასამართლო რეფორმის, რომელიც ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ და არ განახორციელა
გიგა ბოკერია - ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს რადიკალური გეგმა ისეთი სასამართლო რეფორმის, რომელიც ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ და არ განახორციელა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თეა წულუკიანის კანდიდატურის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ განხილვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე ჭორების გარდა არაფერი სმენია.

თუმცა, ბოკერია მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე თეა წულუკიანის საპირისპირო თვისებების მქონე პირი უნდა შეირჩეს.

„მე არ მსმენია ჭორების გარდა არაფერი ამაზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა, კრიტერიუმები იყოს მკაფიო, როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე და ზოგადად მოსამართლე ნებისმიერი დონის, უნდა აიღო ქალბატონი თეა წულუკიანი და ყველა მისი საპირისპირო თვისების ადამიანი უნდა შეარჩიო. ანუ, წულუკიანი არის ანტიპოდი იმისი, თუ როგორი შეიძლება იყოს მოსამართლე, რადგან მოსამართლე უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური სიძულვილისგან, პერსონალური ბოღმისგან.

უნდა ესმოდეს თავისი პასუხისმგებლობა. ქალბატონი წულუკიანი არის ყველაფერი ამისი საპირისპირო მაგალითი. ამიტომ აიღონ წულუკიანი და მისი თვისებების საპირისპირო ადამიანი უნდა შეარჩიონ. უბრალოდ ამ გუნდისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვს რადიკალური გეგმა ისეთი სასამართლო რეფორმის, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ განახორციელა.

„ამ ხელისუფლების არჩევნების შედეგად დამარცხების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვს რადიკალური გეგმა სასამართლო რეფორმის, ისეთის, რომელიც ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ, იმ გუნდის ჩათვლით, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, ვერ და არ განახორციელა და ეს გეგმა სწრაფად უნდა განხორციელდეს. შემდეგი დემოკრატიული კოალიციის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკასთან ერთად ამ რეფორმის სწრაფად გატარება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.