გიგა ბოკერია - ამ ეტაპზე კონსენსუსის შანსი არ დარჩა
გიგა ბოკერია - ამ ეტაპზე კონსენსუსის შანსი არ დარჩა

ამ ეტაპზე კონსენსუსის შანსი არ დარჩა, თუ ივანიშვილის ბოლო ნაბიჯიდან გამომდინარე რაციონალურად გავაკეთებთ პროგნოზს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, მან ეს არჩევანი გააკეთა. ეს გზა არის ძალიან ბრიყვული და საზიანო ქვეყნისთვის და მისთვის, მაგრამ ეს მისი არჩევანია. თუ ამ არჩევანს შეცვლის, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და დემოკრატიული ოპოზიცია, ჩვენი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოწადინებული ვართ, კომპრომისი მოხდეს. იმ დღეს, როცა გიგი უგულავა დააკავეს, ჩვენ საპასუხო კომპრომისული ვარიანტიც შევთავაზეთ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების, არა იდეალური, მაგრამ ისეთი, რომელიც ამ რთულ ვითარებაში საზოგადოების ინტერესებს მეტ-ნაკლებად პასუხობდა. ჩვენ კი ვართ მოწადინებული, მაგრამ მოლაპარაკებას დაპირისპირებულები აწარმოებენ და როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ზიხარ, თუ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და მომლაპარაკებელი მოკლა, მოლაპარაკება ხომ ვერ გაგრძელდება?!“ – განაცხადა ბოკერიამ.

ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დარჩა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის შანსი.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა არჩევანის შეცვლა გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებას და თუ ნიშნავს, როგორ უნდა მოხდეს ეს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავა „სატელეფონო ზარით დაიჭირა და თუ მოინდომებს, ზუსტად ასევე გაათავისუფლებს“. 

„რატომ, როგორც დაიჭირა, რატომ ვერ გამოუშვებს?! მან დარეკა და უთხრა ხომ, დაიჭირეთო?! აი, ზუსტად ასე გაუშვებს, თუ მოინდომებს, ოღონდ, მხოლოდ გიგი უგულავაში არ არის საქმე. გიგი უგულავა დამოკიდებულების გამოვლინებაა. აბა, კომპრომისი რომ სდომოდა და მთელი საზოგადოება პროპორციულზე რომ არ გადაეგდო, არც ეს პროტესტი იქნებოდა და საერთოდ, ნორმალური ვითარება გვექნებოდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს ნორმალურ ვითარებაში დაბრუნება სურს, მან ძალადობასა და დაჭერებზე უარი უნდა თქვას, პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეს და ამომრჩევლების განაჩენს შეეგუოს.

„ფულში რომ უპირატესობა ექნება, ვიცით. ადმინისტრაციული რესურსი ბევრ რამეს იზამს, მაგრამ თუ მას უნდა, ნორმალური ან შედარებით ნორმალური ვითარება იყოს, ძალადობასა და დაჭერებზე უარი უნდა თქვას, პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეს და ამომრჩევლების განაჩენს შეეგუოს. ჩვენ ამას ვითხოვთ კი არა, ეს ჩვენი უფლებაა და თხოვნაც არ გვჭირდება. ვალდებულებაა, რომ ეს მიიღოს. არ მიიღებს და ასლან აბაშიძესავით დაამთავრებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.