გიგა ბოკერია - ახლა მთავარია, შეთანხმება შესრულდეს, ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი
გიგა ბოკერია - ახლა მთავარია, შეთანხმება შესრულდეს, ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი

ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ორივე საკითხზე, რომლებიც აუცილებელი იყო და არის იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება. ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება. ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვესმის, რომ სამთავრობო გუნდისთვის სხვა შეხედულება არსებობს, პოლიტპატიმრებს არ ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, მათთვის მნიშვნელობა აქვს შედეგს.

„შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არც ერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და საფრთხეების მნიშვნელოვანი ნაწილის აცილებას ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა მთავარია, შეთანხმება შესრულდეს. ყველა პირი, რომელიც რომელიმე მოთამაშისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში არის პრობლემატური საკითხი და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ის პირები, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბატონი თამლიანი, ყველა არის მნიშვნელოვანი საკითხი და მათ პოლიტპატიმრებად მივიჩნევთ, მთავრობა მათ არ მიიჩნევთ პოლიტპატიმრებად, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ყველაფერს მოაწერა ყველა პარტიამ ხელი. „პატრიოტთა ალიანსმა“ არ მოაწერა მემორანდუმს ხელი. მგონი, გასაგები მიზეზების გამო. არ გამკვირვებია. რაც გულისხმობს ამ საკითხის გადაჭრას ყველა მხარისთვის მისაღები ფორმით, გულისხმობს გათავისუფლებას, ქალბატონმა ინაშვილმა არ მოაწერა ხელი, ეს მისი არჩევანია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, ეს შეთანხმება შესრულდეს და იმედი აქვს, რომ შესრულდება.

„ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი აქამდე. დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამიტომ არც ჩემი კომენტარია ამისთვის. ჩვენი გუნდის და ოპოზიციის ამოცანა იყო ამ ვითარების განმუხტვა, შედარებით ნორმალურ ვითარებაში მაინც ივანიშვილის დამარცხება და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.