გიგა ბოკერია - ადამიანებს როცა აერთიანებთ მხოლოდ ფანატიზმი ან კარიერის სურვილი, ეს ყოველთვის მთავრდება მორალური გახრწნით, ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს
გიგა ბოკერია - ადამიანებს როცა აერთიანებთ მხოლოდ ფანატიზმი ან კარიერის სურვილი, ეს ყოველთვის მთავრდება მორალური გახრწნით, ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს

ადამიანებს როცა არ აერთიანებთ პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს.

„ვერანაირ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი იმ დეტალზე მეტი, ვიდრე საზოგადოებამ იცის. ისედაც არ ჩავთვლი საჭიროდ. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაბიჯები ასოცირდება ხოლმე შემდეგ მთელ ოპოზიციასთან. ხშირად მომისმენია ქუჩაში ადამიანებისგან პრეტენზია, ბევრჯერ სამართლიანი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უსამართლო, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამდა, ჩემი აზრით, არათანმიმდევრულ, უპრინციპო და შემდეგ ყველას ეკიდებოდა ამაზე პასუხისმგებლობა.

რაც ხდება იქ, არ არის მხოლოდ მათი საქმე და ამაზე საუბარი ლეგიტიმურია, ოღონდ, დეტალებზე – არა. საერთო ჯამში, უკვე წლებია, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანებს არ აერთიანებთ პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ ან მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება ამ ტიპის მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით. ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს. ამაზე მეტი კომენტარი ამ მომენტში საჭიროდ არ მიმაჩნია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.