გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პასუხებისგან შოკშია [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გოგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას ძველი განცხადების ციტირება მოახდინა და დაინტერესდა, რატომ ხედავს თამარ ალანია ეთიკურ პრობლემას მოსამართლის მიერ ოკუპაციის დაგმობაში.

დეპუტატმა თამარ ალანიას ციტატა წაიკითხა, სადაც ის ამბობს: „ვფიქრობ, ოკუპაციასთან დაკავშირებით ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვაქვს ჩვენი პატრიოტული გრძნობები, რაც ცხადია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დადგა განსახილველი საქმე და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დადგეს იგივე ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმე, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი საქმე და თავშივე გვაქვს გამოთქმული პოზიცია, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნება. ვფიქრობ, ჯობია, მოსამართლემ თავი შეიკავოს ასეთი პოზიციისგან“.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ შეიძლება, თავი შეიკავოს მოსამართლემ და ახლაც იზიარებს თუ არა იმავე არგუმენტებს ალანია, ასევე რას იზამს ალანია, თუ მასთან ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე ან ლევან მურუსიძის საქმე მივა.

თამარ ალანიამ განაცხადა, რომ გიგა ბოკერია მისი განცხადებების არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს და არასწორ აქცენტებს სვამს. ალანიამ აღნიშნა, რომ ასეთი საქმეების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისივე განმარტებით, რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია, მაგრამ ეს კანონშიც არის გაწერილი, ასევე კანონში წერია, რომ ქურდობა, ყაჩაღობა, პორნოგრაფია დანაშაულია, თუმცა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მოსამართლემ დამატებით სოციალურ ქსელში წეროს, რომ ესა თუ ის ქმედება დანაშაულია და კანონით არის დასჯადი.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ შოკშია თამარ ალანიას პასუხებისგან.

გიგა ბოკერიამ ასევე იკითხა, დაუჭერდა თუ არა თამარ ალანია ლევან მურუსიძეს დღეს კვლავ მხარს, რაზეც ალანიამ განაცხდა, რომ ამას გადაწყვეტს კონკრეტული საკითხის მიღების დროს, თუ ასეთი საკითხი დადგება.

გიგა ბოკერიამ კოლეგებს მიმართა, რომ თამარ ალანიას პასუხების მოსმენის შემდეგ, „გადაწყვიტონ საკითხები საკუთარი პოლიტიკური სინდისის მიხედვით“.