გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რაც ხალხმა გუშინ ნახა, იყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და პოლიციისთვის უკანონო ბრძანების მიცემა
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რაც ხალხმა გუშინ ნახა, იყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და პოლიციისთვის უკანონო ბრძანების მიცემა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოებამ რაც გუშინ ნახა, იყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პოლიციისთვის უკანონო ბრძანების მიცემა, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მოძალადეების ორგანიზება და შემდეგ მათთვის ხელის დაფარება.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის უტიფრობაა, რასაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოველ დღე აჩვენებს.

„ეს იყო სრული პაკეტი იმის, რასაც ივანიშვილისგან ვხედავთ, უბრალოდ, ხარისხობრივად ახალ ფაზაში გადასული და საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ არის საჩქარო ხელისუფლების იძულება, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს და შემდეგ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდეს.

ყოველდღიურად ადგილი აქვს კანონის უგულვებელყოფას, უსაფრთხოებისა და ძალადობის კულტივაციას, როგორც ცხოვრების ყოველდღიური წესის. პოლიციელები უკანონო ბრძანებების მსხვერპლი თავად არიან. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, საიდანაც ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მნიშვნელოვანია განსხვავებები იმაზე, როდის და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი პოლიტიკური ღირებულებებიც განსხვავდება ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ქვეყნის პრობლემა ეს არ არის, ქვეყნის პრობლემა ივანიშვილი და მისი მმართველობაა“, – აღნიშნა ბოკერიამ.