გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩართვის საკითხზე სპეკულირებაც კი აბსურდად მიაჩნია
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩართვის საკითხზე სპეკულირებაც კი აბსურდად მიაჩნია

პრობლემა ისაა, ისტორიულ მომენტში რატომ აღმოვჩნდით ვითარებაში, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან და უკრაინის ხელისუფლებასთან. უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად არის ეს საქართველოს ინტერესში და არა უაზრო სპეკულაციები, რომელიღაც პოლიტიკური ფიგურა ხვალ ან ზეგ რას იზამს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, „შესაძლოა თუ არა, დავით არახამია ვიხილოთ ქართულ პოლიტიკაში და ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ თუ შეიძლება იყოს მისი თანამოაზრე“.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესები, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ „რუსეთის დასუსტების პროცესში საქართველომ მოიპოვოს უსაფრთხოება და თავისუფლება“. გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ საქმეში ნებისმიერი დაპირისპირება ამერიკასთან, ევროპასთან და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო.

„ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ეგ თემა არის მოგონილი, ივანიშვილის პროპაგანდა, რათა ბურუსი დააყენოს. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პრობლემა ისაა, ასეთ ისტორიულ მომენტში რატომ აღმოვჩნდით ვითარებაში, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან და უკრაინის ხელისუფლებასთან. მან აირჩია ეს დაპირისპირება, თანაც წლებია და ახლა გამწვავდა, უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად არის ეს საქართველოს ინტერესში და არა რაღაც უაზრო სპეკულაციები, რომელიღაც ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა ხვალ ან ზეგ რას იზამს.

ჩვენ უნდა გვაღელვებდეს და გვაღელვებს საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესებია, რომ რუსეთის დასუსტების პროცესში, ამ დაპირისპირებისას ჩვენ მოვიპოვოთ უსაფრთხოება და თავისუფლება. ამ საქმეში ნებისმიერი დაპირისპირება ამერიკასთან, ევროპასთან და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. მითი, უსინდისო ტყუილი, რომელსაც ივანიშვილი და თავისი პროპადანგისტული ორგანოები პირდაპირ ან ირიბად ავრცელებენ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ამ პოლიტიკით, დაპირისპირებით უკრაინასთან, დასავლეთთან, გადავრჩებით რუსულ აგრესიას. ატყუებენ საზოგადოების ნაწილს, რომ, იცით, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მშვიდობა იყოს. ეს არის უტიფარი სიცრუე და ამოდის იქიდან, თითქოს პუტინს ჩვენ მიმართ მტრობა კი არ აქვს, უბრალოდ, ჩვენ ვაღიზიანებდით ხოლმე. ანუ, საქართველოს ბრალი იყო, აქამდე როცა გვიპყრობდა, გვბომბავდა, გენოციდი რომ მოგვიწყეს 90-იანებში. ეს არის მთავარი სიცრუე, ამ სიცრუიდან ამოდის შემდეგ დანარჩენი პროპაგანდა და ამას ებმება სისულელეები, რომელიღაც ფიგურა როდის გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში შესვლას. როგორ შეიძლება, ეგეთ თეორიულ რაღაცაზე სერიოზულად ვისაუბროთ, როცა გვაქვს უსერიოზულესი პრობლემა, ვიმეორებ, აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა დაპირისპირებაში ვართ დასავლეთთან, რომელიც გვჭირდება მორალურად და პრაგმატულად, რათა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთავარი მტრისგან, პუტინის რუსეთისგან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, – „ხედავთ არახამიას ქართულ პოლიტიკაში?“ – ბოკერია პასუხობს, რომ ამაზე სპეკულირებაც კი აბსურდად მიაჩნია.

ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.