გიგა ბოკერია - 9 აპრილი უნდა დარჩეს არა დაპირისპირების, არამედ გაერთიანების დღედ, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს გარანტირებული
გიგა ბოკერია - 9 აპრილი უნდა დარჩეს არა დაპირისპირების, არამედ გაერთიანების დღედ, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს გარანტირებული

9 აპრილი ერთდროულად არის ტრაგიკული და ასევე, ერთიანობის დღე, – ამის შესახებ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილი გაერთიანების დღედ უნდა დარჩეს.

„ეს ერთდროულად არის ტრაგიკული დღე, რადგან ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს, არის დღე ერთიანობის, რომელიც იშვიათად ყოფილა ჩვენს უახლეს ისტორიაში, მთელი საზოგადოების გაერთიანების, ჩვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პერსონალური თავისუფლების გარშემო. ასეთ დღედ უნდა დარჩეს, არა დაპირისპირების დღედ, არამედ გაერთიანების დღედ, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს გარანტირებული, ჩვენი შვილების თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.