გიგა ბოკერია - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, როგორც საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით
გიგა ბოკერია - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, როგორც საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს ორივე ნაწილში, როგორც საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით, რადგან ეს განმსაზღვრელია ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ამერიკელი სენატორების განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა საკუთარი და საელჩოს განცხადება ერთობლივად გაავრცელა, რაც ბუნებრივია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ყველა მეგობრის პოზიცია ერთი და იმავეა – ბიძინა ივანიშვილმა პირობა უნდა შეასრულოს, რომელიც დადო ქვეყნის მეგობრებისა და ქართული საზოგადოების წინაშე, მან უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები. თუ უნდა, მათ პოლიტპატიმრებს ნუ დაარქმევს და თქვას, რომ მე არ გამომიშვიაო. ასევე უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა, ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს და უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში გვაქვს. ივანიშვილის კლოუნებთან დისკუსია იმ ზღვარს გასცდა, როცა როგორ შეიძლება სერიოზულად ვუპასუხოთ იმას, რაც კობახიძემ გუშინ თქვა, რომ თურმე, ელჩებმა დაადასტურონ, რომ მართლები ვართო. ამაზე სერიოზული პასუხი არ შეიძლება, თუმცა ეს აჩვენებს, როგორი არანორმალური ვითარება აქვს შექმნილი ივანიშვილს მის გარემოცვაში და რა ტიპის ფიგურები ჰყავთ, რომელთაც თავმოყვარეობა არ აქვთ. ყველას გვესმის, ივანიშვილმა ქვეყნა სად მიიყვანა. ყველასთვის და ქვეყნისთვის სჯობს, გონს მოეგოს, შეასრულოს პირობები, გამოუშვას პოლიტპატიმრები ისე, რომ ნუ დაარქმევს, მათ პოლიტპატიმრებს”, – აღნიშნავს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, შეთანხმება იმაზე კი არ იყო, ვინ რა ტერმინს გამოიყენებს, პირიქით, ხაზგასმული იყო შეთანხმებაში, რომ მხარეებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ, ოღონდ, ციხიდან უნდა გამოუშვან – უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა.

„თუ არ გამოუშვეს, არჩევნებს მაინც წააგებენ, არსებული სისტემაც რომ დარჩეს. ეს ცუდია ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ივანიშვილმა დამატებითი კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას, „გადააგდოს“ პარტნიორები, ჩაიდინოს ისეთი რამე, რომ მერე სანქციები დაეკისროს. თუ კითხვაა, შეიძლება თუ არა სანქციები ავტორიტარულ რეჟიმებს დაეკისროს, გეტყვით, დიახ შეიძლება. ეს ხდება და მომხდარა. არავის ვურჩევდი, რომ ისეთ რისკზე წავიდეს, მოხდება თუ არა ეს. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ეს რისკი შეამციროს. ისინი კი არ არიან ბარიერი ვინც ციხეში სხედან, არამედ ბარიერია ის, ვინც ისინი პოლიტიკური მოტივით ციხეში ჩასვა და ვალდებულება აიღო, რომ გაათავისუფლებდნენ და ცდილობს, შუავლების “გადაგდებას”. სიტყვა რომ დაიდო, უნდა შესრულდეს. თუ დავუშვებთ, რომ ასე შეიძლება მოგვექცენ და ამას ვეგუებით პოლიტიკურად, ეს დამანგრეველია ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის – როგორი ქვეყანა გვინდა ვიყოთ. როგორ შეიძლება, ვინც არღვევს ის ადანაშაულებდეს იმას, ვინც შეთანხმებას იცავს, შენი ბრალი იქნებაო. თუმცა, „ქართული ოცნების“ ლოგიკაში შეიძლება ყველაფერი იყოს. არ ვურჩევდი, ამ რისკზე წავიდნენ ბოლომდე. ეს მათ ვერ გადაარჩენს, დაღუპავს, ოღონდ, ეს ქვეყნისთვისაც ცუდია“, – განაცხადა ბოკერიამ.