გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.