გიდეონ საარი - ევროპა ისევ აგზავნის არასწორ სიგნალს, რომელიც აძლიერებს „ჰამასს“ და რადიკალურ ღერძს ახლო აღმოსავლეთში
ევროპა ისევ აგზავნის არასწორ სიგნალს, რომელიც აძლიერებს „ჰამასს“ და ახლო აღმოსავლეთში რადიკალურ ღერძს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ზომების შესახებ.
გიდეონ საარმა აღნიშნულ განცხადებას სამწუხარო უწოდა. მისი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის ზოგიერთი განცხადება იმეორებს „ჰამასისა“ და მისი პარტნიორების ცრუ პროპაგანდას.
„ისრაელი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფო და ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში, არსებობისთვის ომს აწარმოებს ექსტრემისტი მტრების წინააღმდეგ, რომლებიც მის გასანადგურებლად მუშაობენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ბრძოლაში მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელს“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საარის თქმით, ურსულა დონ დერ ლაიენი კარგად ინფორმირებულია ღაზაში ისრაელის ჰუმანიტარული ძალისხმევის შესახებ.
„პრეზიდენტის განცხადებას მთავარი სათქმელი აკლდა, ღაზაში ტანჯვა მთლიანად „ჰამასის“ დამსახურებაა. თავად ომი „ჰამასის“ ისრაელში შეჭრით და 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტით დაიწყო. მისი გაგრძელება „ჰამასის“ მიერ ჩვენი მძევლების გათავისუფლებასა და იარაღის დაყრაზე მუდმივი უარის შედეგია. ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის მიყენებული ტანჯვა „ჰამასის“ ბრალია. ყველამ, ვინც ომის დასრულებას ცდილობს, კარგად იცის, როგორ დაასრულოს ის – მძევლების გათავისუფლება, „ჰამასის“ განიარაღება, ღაზისთვის ახალი მომავალი. ისრაელისთვის ზიანის მიყენება ამას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს „ჰამასსა“ და ისრაელის მტრებს გააძლიერებს“, – წერს გიდეონ საარი.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი შეცდომას უშვებს, როდესაც ემორჩილება ზეწოლის ელემენტებს, რომელთა მიზანია ისრაელი-ევროპის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა. როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს ტენდენცია თავად ევროპული ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება და პარტნიორებს შორის მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. მისი თქმით, ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასა და რამდენიმე ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.