ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასა და რამდენიმე ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესებაზე მოლაპარაკებებს გამართავს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.
მისი თქმით, ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასა და რამდენიმე ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ღაზაში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიოს სინდისი შეარყია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ევროკავშირი ისრაელის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც გასულ წელს ისრაელის საერთაშორისო საქონლით ვაჭრობის თითქმის მესამედს მოიცავდა. იმისათვის, რომ ევროკომისიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, საჭიროა ევროკავშირის 27 წევრიდან, სულ მცირე, 15-ის მხარდაჭერა, რაც, გამოცემის ცნობით, რთული მისაღწევი იქნება.