გიბრალტარმა ირანული ნავთობტანკერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
გიბრალტარმა ირანული ნავთობტანკერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

გიბრალტარმა ირანული ნავთობტანკერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თუმცა გიბრალტარის ხელისუფლებას არ განუცხადებია, როდის დატოვებს ტანკერი პორტს.

გიბრალტარის მთავარი მინისტრის, ფაბიან პიკარდოს განცხადებით, ნავთობმზიდი მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც თეირანისგან წერილობით დაპირებას მიიღებს, რომ ხომალდზე არსებული 2,1 მილიონი ბარელი ნავთობის სირიაში ტრანსპორტირება არ მოხდება.

ამავე დროს, ლონდონში ირანის ელჩმა აღნიშნა, რომ ტანკერი გიბრალტარს მალე დატოვებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი,  გამოაცხადა, რომ ნავთობმზიდი ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელად უკვე ემზადება.

ირანული ტანკერის ეკიპაჟი 25 წევრისგან შედგება.

ხომალდი „გრეის 1“ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა 4 ივლისს დააკავეს. ირანულ ტანკერს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით სირიაში ნავთობის ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ.

გიბრალტარის ქმედების საპასუხოდ, ორ კვირაში ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა.

დატოვე კომენტარი