გიბრალტარის მთავრობის მიერ დაკავებულ ირანულ ნავთობტანკერს რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ
გიბრალტარის მთავრობის მიერ დაკავებულ ირანულ ნავთობტანკერს რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ

გიბრალტარის მთავრობის მიერ დაკავებულ ირანულ ნავთობტანკერს რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „ფარსი“, გიბრალტარის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ერთი თვის წინ დაკავებულ ნავთობტანკერ „გრეის ერთს“ , 13 აგვისტოს საღამომდე გაათავისუფლებენ, თუმცა თავად გიბრალტარის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

გიბრალტარის მთავრობამ ირანის ნავთობტანკეტი „გრეის ერთი“ 4 ივლისს, სირიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ტანკერის კაპიტანი, მისი უფროსი დამხმარე და ეკიპაჟის ორი წევრიც აიყვანეს.

აღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში, ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა. რის შემდეგაც ტანკერი ირანში, ბენდერ აბასის პორტში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ბორტზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ამ დრომდე ბენდერ აბასის პორტში, ტანკერის ბორტზე იმყოფებიან. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი პირები თავს კარგად გრძნობენ.