გია ჟორჟოლიანი დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე - ეს არ არის ოპტიმიზაციის საკითხი, ეს არის ჩვენი მმართველობის ინსტიტუციური საკითხი
გია ჟორჟოლიანი დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე - ეს არ არის ოპტიმიზაციის საკითხი, ეს არის ჩვენი მმართველობის ინსტიტუციური საკითხი

ეს არ არის ოპტიმიზაციის საკითხი, ეს არის ჩვენი მმართველობის ინსტიტუციური საკითხი, რაც კარგია. მთავარია, მთავრობა რა ფუნქციებს აიღებს თავის თავზე. ამ მიმართულებით ეს ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანება ორივე სამინისტროს მეტ ფუნქციას შესძენს.

„ამის განხილვაა არსებითი და არა ის, თანამშრომლები შეიცვლებიან თუ არა. მმართველობითი ხარჯები უნდა შემცირდეს, თორემ მთავრობის ხარჯები – არა. საკადრო საკითხებზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას, რადგან ის არის პასუხისმგებელი მთლიანად ამ რეფორმაზე. ჯერ განვიხილავთ კანონს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით და შემდეგ განვიხილავთ სტრუქტურულ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებები მოყვება. მთელი დღე იყო საუბარი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. ასეთი წინადადება მართლაც არის. ჩემი აზრით, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელთა 60 პროცენტი იყო ქონების მართვის სააგენტოში, რაც ეკონომიკის სამინისტროს აცლიდა ფუნქციას. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ისეთი სამინისტრო, რომელსაც კონკრეტული ფუნქცია არ ექნება. ამით ეკონომიკის სამინისტროს მიეცემა შინაარსი. კარგია, რომ ეკონომიკის განვითარების კონტექსტში იყოს განხილული ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გააკეთებს.