გია ვოლსკის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
გია ვოლსკის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია სტუმრობს.

დელეგაციის წევრები დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მამუკა მდინარაძეს, გია ვოლსკისა და დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდნენ.

გია ვოლსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არსებული გარემოებები და ამ გარემოებების შექმნის წინაპირობები.

„ვისაუბრეთ, სასამართლო სისტემაზე და საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასაც, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პრაქტიკულად ყველა დელეგაცია და მომხსენებლებიც მიესალმებიან ორი მხარის შეთანხმებას. საკითხის განხილვისას საუბარი არ იყო იმაზე, თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მეტი ან ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინა. მათი დამოკიდებულება გამომდინარეობს საზოგადოებისა და საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონე სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. არის თემები, რომლებიც გამოიწვევს პოზიციათა სხვაობას, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შეუსრულებლობა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას აკეთებდა, თუმცა ჩვენი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენი და ჩვენი ოპონენტების პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ თემებზეც გვქონდა შეხვედრაზე საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დელეგაციის წევრები ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან.