გია ვოლსკი - ზოგიერთი ოპონენტი თითქოს ემიჯნება ბათუმში მომხდარ უმსგავსობას, მეორე მხრივ, კვლავ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, არასდროს შეიცვლება
გია ვოლსკი - ზოგიერთი ოპონენტი თითქოს ემიჯნება ბათუმში მომხდარ უმსგავსობას, მეორე მხრივ, კვლავ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, არასდროს შეიცვლება

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოსდა ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც გააჩნდა „ნაცმოძრაობას“, არასდროს შეიცვლება, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში აქციაზე მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არასდროს შეიცვლება.

„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოსდა ემიჯნება ამ უმსგავსობას, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა ადამიანმა, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც გააჩნდა „ნაცმოძრაობას“, სწორედ ის იყო, რომელიც არასდროს შეიცვლება, მათი ხელწერა არ შეიცვლება. დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღად, უნდათ, ხვალ ხელში ჰქონდეთ გაცილებით მძლავრი იარაღი, ხელკეტი და სხვა ატრიბუტიკა, რომელიც გააჩნდათ და ადვილად იყენებდნენ ადამიანების საწამებლად. ასე რომ, როგორც სადისტური მართვა გამართლებულია, ისევე ამართლებენ დღეს თუნდაც აი ამ უტიფარ გამოვლინებას. ეს არის ის მეთოდი, რომელსაც ვერასდროს მოიშლის, დღეს ნაგავი აქვთ ხელთ, სასტვენი, ბოქლომი და ხვალ უნდათ, გაცილებით მძიმე იარაღი აიღონ ხელში, ვიანაიდან პროცესების მიმართ სხვანაირი მართვა და დამოკიდებულება მათ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.