გია ვოლსკი - ზოგიერთი ხელს უწყობს, რომ კიდევ დანაშაული მოხდეს და ზუგდიდის დრამატული ისტორია გაგრძელდეს
გია ვოლსკი - ზოგიერთი ხელს უწყობს, რომ კიდევ დანაშაული მოხდეს და ზუგდიდის დრამატული ისტორია გაგრძელდეს

ზოგიერთი ხელს უწყობს, რომ კიდევ დანაშაული მოხდეს და ეს დრამატული ისტორია გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ზუგდიდში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ინტერესია და სააკაშვილის კარნახია. ყველაფერი, რაც ამის გარშემო ხდება, კონტროლის ქვეშაა. მაღალი დონის პროფესიონალი პოლიცია გვყავს, რომელმაც ზუსტად იცის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რა თქვას და რა – არა. პოლიტიკოსებს ვალდებულება აქვთ, ჩუმად იყვნენ, თუ რეალური ინფორმაცია არ აქვთ. ზნეობრივი ვალდებულებები აქვთ ქვეყნის წინაშე, მაგრამ ზოგიერთ მედიას ეს არ გააჩნია და ვერაფერს იზამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში სპეციალური ღონისძიების შედეგად, ადამიანების სიცოცხლე გადარჩა.

„გახსნილი დანაშაულები გაიხსენეთ იმ პერიოდთან შედარებით, როცა მკვლელობა და ყაჩაღობა ორჯერ უფრო მეტად ხდებოდა. ამ თემისა და დავით გარეჯის თემის გადაფარვა კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მედიის ინტერესია. ოპერაციის პირველი ეტაპი მოლოდინი იყო – როგორც სვავები ელოდებიან სისხლის დაღვრას, ასეთი მოლოდინი იყო იმ მედიაში, რომელსაც სააკაშვილი მართავს. ეს იქ მომუშავე ადამიანებმა იციან. ადამიანების სიცოცხლე რომ გადარჩა, მნიშვნელოვანია. ვინც აფასებს, როგორ წავიდეს პროცესი, რომელია პროფესიონალი? გარშემო ბნელი ძალები არიან შეკრებილი, რომ ძებნის ოპერაციას ხელი შეუშალონ – განცხადებები იქნება, მანქანებით დევნა თუ ვითომ, ჟურნალისტური გამოძიება. ეს მათ მიერ ხდება, ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესები ნულის ტოლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი