გია ვოლსკი - ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო სტაბილურობის ინტერესს არ დათმობს
გია ვოლსკი - ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო სტაბილურობის ინტერესს არ დათმობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებები არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ეკლესიის პოზიციას ეწინააღმდეგება. როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო სტაბილურობის ინტერესს არ დათმობს.

„აგრესიისკენ მოწოდება საფრთხილოა, მათ შორის ვასაძის მხრიდან ისევე, როგორც გვარამიას მიმართვა, რომ ქვეყანა უნდა დაემხოს და თუნდაც, სანდრა რულოვსის განცხადება, რომ იარაღით უნდა ებრძოლოს ხელისუფლებას.

ლევან ვასაძის განცხადებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ეკლესიის პოზიციას. არსებობს სახელმწიფო თავისი მძლავრი მექანიზმებით და ის დიდი მნიშვნელობა, რასაც სტაბილურობას ვანიჭებთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო სტაბილურობის ინტერესს არ დათმობს და ყველა მხარის მოქმედებები შეჩერებული უნდა იყოს, აგრესია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არსებულ საფრთხეს სწორი შეფასება საზოგადოებამ და იმ ხალხმა უნდა მისცენ, ვინც ვერის პარკში იყო შეკრებილი.

„ლგბტ თემის დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რასაც ტრადიცია ჰქვია და საუკუნეების მანძილზე საზოგადოების კონსესუსს წარმოადგენს, არის აგრესიის მიზანი და გარკვეულწილად, ეს პროვოცირებას ყველა იმ მოქმედებას უკეთებს, რაც კიდევ უფრო დიდ მასშტაბში გადადის და ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ორივე მხარე და ვინც ამას ახალისებს, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. უფლება არავის აქვს, რომელიმე ჯგუფის მიმართ ხელი ასწიოს ან აგრესია განახორციელოს“, – დასძინა ვოლსკიმ.