გია ვოლსკი - ვლადიმირ ზელენსკისთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება
გია ვოლსკი - ვლადიმირ ზელენსკისთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება

უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმირ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია, თავად თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ.

„საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობისა და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს. თუმცა მისმა კონსტრუქციულობამ დიდი ხანი ვერ გაძლო, ვინაიდან ლიდერობა ვფიქრობ, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის.

რამდენად ძვირი დაუჯდება ზელენსკის, ვერ ვიტყვი. უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.