გია ვოლსკი - ვლადიმერ ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა
გია ვოლსკი - ვლადიმერ ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა

ვლადიმერ ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობა და ინსპირაცია რომ არა, ძმათა მკვლელი ომები არ მოხდებოდა.

„ყველა ომს, რომელიც ინსპირირებული იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, არ შეიძლება, სამოქალაქო ომი ეწოდოს. შეიძლება, საამისოდ განწყობა გაქვს, ვინაიდან ეს ადამიანები შენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დაპირისპირება სამოქალაქოა, მაგრამ რა საკვირველია, რუსეთის მონაწილეობა და ინსპირაცია რომ არა, ძმათა მკვლელი ომები არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, გარკვეულად წინა ომებისგან განსხვავდება, მაგრამ კიდევ აქაც იგივე თემა მოქმედებს. ეს ჰიბრიდული ომია, რომელშიც სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ჩაჩიბაიას ამ მოვლენების პოლიტიკურ-ისტორიული შეფასება არ სრუდა.

„რაც შეეხება ჩაჩიბაიას განცხადებას დარწმუნებული ვარ, მას პრეტენზია არ ჰქონდა და არ აქვს, რომ ამ მოვლენებს პოლიტიკურ-ისტორიული შეფასება მისცეს, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის მოხდა და ეს ჩვენი ისტორიისთვის ტრაგიკულია. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, დარწმუნებული ვარ, ამის პრეტენზია ჩაჩიბაიას არ გააჩნია. ჩაჩიბაია ომის მონაწილეა, ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა და შეცდომა განზრახ არ არის იმისთვის, რომ თუნდაც ეს განცხადება რაღაც კონსპირაციას მიჰყვება. ყურადღება, რომ არ მიგვექცია შეიძლება, საყურადღებო არც ყოფილიყო, თუნდაც მედიის სივრცეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი – სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მან დღეს ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა. ამასთან, ჩაჩიბაიამ სთხოვა ყველას, „ნუ შეეცდებიან მისი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულირებას“.

 

დატოვე კომენტარი