გია ვოლსკი - ვისაც გუნდი არ მოსწონს, შეუთავსებლობა და შეუთანხმებლობა აქვს, რასაკვირველია, წასვლა თავისუფალია
გია ვოლსკი - ვისაც გუნდი არ მოსწონს, შეუთავსებლობა და შეუთანხმებლობა აქვს, რასაკვირველია, წასვლა თავისუფალია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ურთიერთობის ნორმების დაცვაზე შესაძლოა, ქცევის კოდექსი მიიღონ.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ვისაც გუნდი არ მოსწონს, შეუთავსებლობა და შეუთანხმებლობა აქვს, რა საკვირველია, წასვლა თავისუფალია. დეპუტატი ირწმუნება, რომ არსად არავინ არ მიდის და ამის საფუძველი არ არსებობს.

“თუ თამაშის წესების შეთანხმება პროცესებს ხელს შეუწყობს, ამას მხარს დავუჭერ. შეიძლება, ამას ქცევის კოდექსი დავარქვათ. კერძოდ, გარკვეული შეთანხმება ურთიერთობის ნორმების დაცვაზე. ეს კარგი თემაა და იმ მიღწევიდან უკან არ უნდა დავიხიოთ, რასაც საზოგადოების სხვადასხვა აზრების გაცნობა ჰქვია. რაღაც საერთო წესები უნდა იყოს, რამაც გუნდი არ უნდა დააზიანოს, რადგან ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის, ქვეყანას სტრესები არ აკლია. იმდენად დაძაბული სიტუაცია არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მუშაობაა საჭირო”, – ამბობს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში 116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება, ყველას ერთი და იმავე შეხედულება ვერ ექნება.

“არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი იმაზე ფიქრობდეს, რომ ფრაქციის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და ჩვენს ერთობას რაიმე დაემუქროს. გაცილებით ძლიერია ეს მუხტი, ვიდრე დაპირისპირების ელემენტები. ეს არის შეკრული გუნდი და პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც ერთსა და იმავე მიზნების მატარებელი არიან. ადამიანები, რომლებიც კრიტიკას გამოთქვამენ ან პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, უცებ, იმ წუთშივე მოიაზრებიან, როგორც რომელიმე გუნდის წევრები, თუმცა ერთიანობა ისაა, რაც დეკლარირებულია”, – დასძინა ვოლსკიმ.