გია ვოლსკი - ვინმეს გადადგომა სკანდალური იქნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე
გია ვოლსკი - ვინმეს გადადგომა სკანდალური იქნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე

პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საჭიროა დაფიქრება, რომ რუსეთის „წისქვილზე არ დავასხათ წყალი“.

„მთავარი ინტერესი, რაც დღეს მედია სივრცეშია, არის კონკრეტულ პირებზე გასვლა, ვინმეს გადადგომა, ვინმეს შეწირვა. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში უფრო სკანდალური იქნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.

პროვოკაცია რაც მოხდა, რასაკვირველია, ეს არ უნდა ამცირებდეს საქართველოს მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული მოთამაშის, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და ამერიკა და სანქციები ემუქრება ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. ამ რეალობას რუსეთი ყოველთვის დაუპირისპირდება, რომ შიგნით, პოლიტიკურ სპექტრში თუ საზოგადოებაში შექმნას დაპირისპირებები.

პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.