გია ვოლსკი - ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს რასმუსენს ან ნატო-ს კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით 
გია ვოლსკი - ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს რასმუსენს ან ნატო-ს კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით 

ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ან ნატო-ს რამე კითხვის ნიშანი აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. სასიხარულოდ, ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, მისი განცხადებით, რაც შეეხება ნატო-ს წევრობასა და მეხუთე მუხლის საკითხს, ამას მხოლოდ საქართველო არ წყვეტს.

„რაც შეეხება მეხუთე მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და სათანადო მუშაობა იქნება იმისათვის, რომ მას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს, პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

დეპუტატის შეფასებით, ნებისმიერი თემის კითხვების გარეშე მიღება საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს არც საქართველოში და არც საფრანგეთში.

„ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე აქვთ. ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა და სტრესი შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე ინტენსიური კონსულტაციები რომც მიდიოდეს, ბევრი საკითხია, რაზეც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თემა დაისვა, ეს საკითხი ახალი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დატოვე კომენტარი