გია ვოლსკი - ვფიქრობ, სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების
გია ვოლსკი - ვფიქრობ, სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების

ვფიქრობ, რომ სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების და ლევან ხაბეიშვილმა ისიც თქვა, ლოგინში გადატრიალდნენ მავანნიო, თუმცა ფაქტები ვიხილეთ, რასაც სხვა მხრივ ვერ განიხილავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს.

„დაგეგმილია საზოგადოების დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციას რეალიზებული ჰქონდა. ზედმიწევნით ჩამოთვლილია ის მეთოდები, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა. კარგად გახსოვთ სააკაშვილის არაერთი განცხადება, სადაც ქართველი ხალხის დედის გინება და სისხლისღვრის აუცილებლობა ჩვეულებრივ თემად იყო წარმოჩენილი. ეს უკვე დამაგვირგვინებელია, რასაც ვუყურებთ. მგონი, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.