გია ვოლსკი - ვფიქრობ, სტრასბურგში რუსეთთან დავა რთული და ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ჩვენი მხარე საკმაოდ მძლავრად არის მომზადებული
გია ვოლსკი - ვფიქრობ, სტრასბურგში რუსეთთან დავა რთული და ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ჩვენი მხარე საკმაოდ მძლავრად არის მომზადებული

რუსეთს არამხოლოდ სამხედრო-სადაზვერვო თუ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მზაობაც გააჩნია, სტრასბურგში ოპონირება გაგვიწიოს, მაგრამ ჩვენი მხარე საკმაოდ მძლავრად არის მომზადებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„წინასწარ სამართლებრივ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, რადგან ამას სხვა კომპეტენცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება. იმედია, ოპონირების სიმწვავისა და ხარისხის მიუხედავად, ჩვენი მხარე ერთხელ მაინც იმუშავებს შეთანხმებულად, რადგან ოპონენტებისგან უკვე ისმის, თურმე, ეს ადრე უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, დაეხმარება თუ არა ეს ფაქტორი საქართველოს, რათა გადაწყვეტილება ჰააგაშიც ჩვენს სასარგებლოდ იქნას გამოტანილი და მოგვცემს თუ არა ეს შანსს, დეოკუპაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგას, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საქართველოს პოზიციებს ბევრად გააძლიერებს.

„ეს იმ სტრატეგიული გეგმების შემადგენელი ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. დაპირისპირება, რომელიც საქართველოს დღეს რუსეთთან აქვს, ასე მალე არ დამთავრდება. ამიტომ, ხელისუფლების ამოცანაა, იმ მიმართულებით და გეგმით იაროს, რომ ქვეყანას სტაბილურობა შეუნარჩუნოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ხელისუფლება სულ მალე მსჯელობას დაიწყებს კანონების პაკეტზე, რომელიც საზოგადოებათა შორის ურთიერთობის ისეთ ხარისხს უზრუნველყოფს, რომლის საწინააღმდეგო პოზიციის გამოვლენა რუსეთსაც გაუჭირდება, დე ფაქტო ხელისუფლებებს კი გაუჭირდებათ, თუ ეს საჭირო გახდა, არ შემოვიდნენ მოლაპარაკების იმ ფორმატში, რომელიც საზოგადოებების ინტერესებზეა აგებული.

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, საერთაშორისო მძლავრ მხარდაჭერასთან ერთად, ამ ყველაფერს ვიხილავთ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გაერთიანებულ სტრატეგიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.