გია ვოლსკი - ვფიქრობ, საქართველო არჩევნებზე თავისი პოზიციით ღირსეულად წარსდგება, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, საქართველო არჩევნებზე თავისი პოზიციით ღირსეულად წარსდგება, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის

ვფიქრობ, საქართველო არჩევნებზე თავისი პოზიციით ღირსეულად წარსდგება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას, რომელიც საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება.

ვოლსკის თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებას ბიგანის მსგავსი პოზიცია აქვს.

„ეს არ არის გზავნილი, რომელსაც ვიღებთ, როგორც რაღაც სიახლეს, რადგან ზუსტად იგივე გზავნილები, პოზიცია, პათოსი და განწყობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც სწორედ ეს განწყობა აქვს. თუ ერთი მხრივ, ეს განცხადებები მიიღება გზავნილად და კეთილგანწყობის გამოვლინებად, პრობლემა იქ უნდა ვეძებოთ, სადაც ეს გზავნილები მიიღება რაღაც სტრესული და არასტაბილური სიტუაციის ინდიკატორებად.

2012 წლიდან მოყოლებული არასოდეს აღარ განმეორდება ის, რასთანაც საქმე გვქონდა, როცა ადამიანები იყვნენ ჩაგრულნი, კონტროლის ქვეშ, უსმენდნენ და სერიოზულ ზეწოლას განიცდიდნენ, მათ შორის ფიზიკური ძალადობის მეშვეობით. დღეს ამაზე უკვე სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით სტივენ ბიგანის გზავნილები ემთხვევა ხელისუფლების მოსაზრებას, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს.

„რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ზუსტად იგივე გზავნილებია, რასაც ჩვენი ხელისუფლება ქადაგებს – სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ დამოუკიდებლობის ინდექსს გადახედავთ, მიხვდებით, თუ რამხელა პროგრესია მიღწეული იმ სასამართლოსთან შედარებით, სადაც გამამართლებელი განაჩენი იყო 0,01 პროცენტის ფარგლებში. თუ ამ მაჩვენებლებს გადახედავთ და ვითარებას შეაფასებთ, ზუსტად მიხვდებით, ეს ინდექსი რაზე მეტყველებს – მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო გამოვიდა დაქვემდებარებიდან და შეკვეთებიდან, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა.

დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იმას ნიშნავს, რომ პასუხი გაეცეს პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის ბრალდებებს, რომელიც მუდმივად ცდილობს, საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელი შეულახოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების ქმედებებს და აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანა დესტრუქცია და ცხელი კერების შექმნაა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს. არ მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა, მართლაც აინტერესებდეთ მაღალი დონისა და სტანდარტის არჩევნების ჩატარება. შექმნილი წინაპირობები უკვე ამაზე მიანიშნებს.

ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. ამას პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველო არჩევნებზე ღირსეულად წარსდგება და ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის.

„ქართული საზოგადოება მზად არის და ვფიქრობ, რომ არჩევნებზე თავისი პოზიციით ღირსეულად წარსდგება, ხაზს გაუსვამს იმას, რომ საერთაშორისო დონეზე არავისზე ნაკლები დემოკრატიული სტანდარტის მქონე არჩევნები და პოლიტიკური პროცესები საქართველოში არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.