გია ვოლსკი - ვფიქრობ, ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სწორი გადაწყვეტილებაა
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სწორი გადაწყვეტილებაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საქართველოს პირველ არხს გია ვოლსკიმ განუცხადა, ვისაც გულწრფელად მიაჩნია, რომ პარლამენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მათ აზრს პატივს სცემს, მაგრამ ვერ გაიზიარებს.

„არიან ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ამ თემაზე პოლიტიკური განცხადება და ჭიდილი უნდა დაიწყონ. უმთავრესად ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ხელისუფლებაში მთავარი პროკურორი განაგებდა ადამიანის ბედს, ადამიანის ჯანმრთელობას, მის ღირსებას, წყვეტდა მის შემოსავალს და ბიზნესს „აახევდა“ თუ დაუტოვებდა. ახლა, ეს ადამიანები არიან ყველაზე აქტიურები. კრიტიკული შეფასება შეიძლება, საზოგადოების ნაწილსაც ჰქონდეს, როგორ იმუშავებს, სად იქნება ის საკითხები, რომელზეც შეიძლება, მოედავო. საქმემ გამოაჩინოს, როგორია პარლამენტის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა.

საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო, ხოლო შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.