გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი
გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს კანონი აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა ლაპარაკი და რაზედაც პრინციპული შენიშვნები არ ჰქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში მოსმენების კანონზე მთავარი შენიშვნაა, რომ ნაჩქარევად არის კანონი მიღებული, თუმცა არანაირი სამართლებრივი ანალიზი არ არის გაკეთებული.

„ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან ჯერ კიდევ არის დამუშავებაში და 7 ივნისს არის უკვე მესამე მოსმენით წარმოდგენილი, ამას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას, ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მით უმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება დღეს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.