გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც შემდეგი პარლამენტი გაითვალისწინებს
გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც შემდეგი პარლამენტი გაითვალისწინებს

სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ჩვენს სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც შემდეგი პარლამენტი გაითვალისწინებს.

„არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არ არის ბოლომდე გათვალისწინებული, ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციები გაცემული, რომელიც არ შეასრულა ქართულმა მხარემ და იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. ვითარების დრამატიზებას არ მოვახდენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, როდესაც რეიტინგები ქვეყნდება და ეს არის მთავარი. ვენეციის კომისიასთან გვექნება მეტი კონსულტაციები. სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი, რაც არაერთხელ გაცხადებულა, არის მაღალი. საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ჩვენს სასამართლოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. სამართლებრივი ნიუანსებია, რასაც ალბათ, განმარტავენ ჩვენი შესაბამისი კომიტეტები, მაგრამ რეალურად, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ სასამართლო შედგა და არის მსოფლიოს პირველ ოცეულში, დაწინაურდა მნიშვნელოვნად საერთაშორისო რეიტინგებში, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.