გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე საუბრობს მაშინ, როდესაც მერაბიშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებდა
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე საუბრობს მაშინ, როდესაც მერაბიშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტს გასცდა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე საუბრობს მაშინ, როდესაც მერაბიშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებდა.

„მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტებს გასცდა. მხედველობაში მაქვს ამ ადამიანის ფსიქოლოგიური ნაწილი. თვითონ არაფერი ჩაუდენია? ვანო მერაბიშვილი მისი ბრძანების გარეშე მოქმედებდა, თუ ის პერიოდი დაგვავიწყდა, როცა „შტაბელებით“ გამოჰქონდათ ადამიანების გვამები ციხეებიდან? ან ყველაფერი დაგვავიწყდა, რაც თავად გააკეთა და თურმე, ახლა ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის ბრალი ყოფილა. არ მგონია, ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის მსჯელობას შეეფერება“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შორის სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.

„დიდი სიმპატიები არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შორის სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, რადგან ქვეყნის სტაბილურობაა მთავარი. პარტიები როგორი დაპირისპირებულებიც უნდა ვიყოთ, არავინ უნდა უშვებდეს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესებზე გადააბიჯოს. სააკაშვილმა ეს დიდი ხნის წინ გააკეთა და ახლა რევოლუციურ სცენარში ჩასაჯდომად ვანო მერაბიშვილის, თუ მისი თანამოაზრეების მძიმე კრიტიკაზე გადავიდა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ „ხედავს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა და რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“.