გია ვოლსკი - უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს, ისევე  როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, საქართველო  იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
გია ვოლსკი - უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

უნგრეთი საკმაოდ მყარად უჭერს მხარს საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„უნგრეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც საქართველოს კურირებს, გადაეფარა ან ქვეყანას თავის პოლიტიკურ განხილვებში იყენებს. უნგრეთი საქართველოს მხარს უჭერს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მხარს უჭერს. გაცვლის თემა, რომ უნგრეთი უკრაინას მხარს თუ არ დაუჭერს, არც სხვა დაუჭერს მხარს საქართველოს, არანაირად არ არის ის ფორმულა, რაც დღეს ევროკავშირში განიხილება.

საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ჩამოკიდონ – თითქოს საქართველოს მხოლოდ უნგრეთი უჭერს მხარს და თავისი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ საქართველოს გარიგების საგნად იყენებს. ეს აბსოლუტურად აბსურდია, რადგან საქართველოს მხარდამჭერთა შორის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაა. საქართველო თავისი შესრულებული საქმითაც, საზოგადოებითაც და უშველებელი რეიტინგებით ამას იმსახურებს ყოველგვარი შიდა გარიგებების გარეშე.

რასაკვირველია, ევროკავშირში არსებული დაძაბულობა გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროკავშირისთვის გაფართოების თემა, განსაკუთრებით საქართველოს თემა, საგანგებო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც შუა დერეფნის განვითარებას უკავშირდება. ევროკავშირი აქედან გამოდის, როცა გადაწყვეტილებას იღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.