გია ვოლსკი - უნდა გაგრძელდეს დეტალური გამოძიება, რა წყაროების ამოქმედებით დაიწყო დესტაბილიზაციის სტრატეგიის განხორციელება
გია ვოლსკი - უნდა გაგრძელდეს დეტალური გამოძიება, რა წყაროების ამოქმედებით დაიწყო დესტაბილიზაციის სტრატეგიის განხორციელება

უნდა გაგრძელდეს დეტალური გამოძიება, რა წყაროების ამოქმედებით დაიწყო დესტაბილიზაციის სტრატეგიის განხორციელება და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი იმ მოვლენებში, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიგინგზე განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ აღნიშნა: „ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ“.

„სამართლებრივი ჩარჩოები არის მთავარი. არ უნდა შევცდეთ და რეალურად არ უნდა წავყვეთ იმ ნარატივს, რასაც ჰქვია აგრესია. აგრესია, რომელიც გადის სამართლებრივი ფორმატიდან, რასაკვირველია, არასწორია. რასაც გულისხმობდა კახა კალაძე, რასაც ვგულისხმობთ მე და საზოგადოების დიდი ნაწილი, არის ის, რომ გაგრძელდეს დეტალური გამოძიება, საიდან და როგორ, რა წყაროების ამოქმედებით დაიწყო დესტაბილიზაციის სტრატეგიის განხორციელება და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი იმ მოვლენებში, რასაც 20-21 ივნისს ჰქონდა ადგილი.

ამასთან, „რუსთავი 2“-თვის ეს თვითრეგულირების სფეროს ნამდვილად არ სცდება, მაგრამ ვფიქრობ, მთლიანობაში ეს არის ერთ-ერთი სეგმენტი, იმ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რასაც უკვე დიდი ხანია, ვუყურებთ. ეს არის დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება და რაც მთავარია, ისეთი ეკონომიკური პრობლემების შექმნა, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. ეს არის პირდაპირი შეტევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, მაგრამ ეს საკითხი, რასაც „რუსთავი 2“-ის აზრით ჰქვია სარედაქციო თავისუფლება, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც სამწუხაროდ, საკმაოდ ემოციური დამოკიდებულების საფუძველი შეიძლება იყოს. დესტაბილიზაციის ნაწილში მოიაზრება აგრეთვე „რუსთავი 2“-თვის მიუღებელი ის ფორმულა, რასაც ჰქვია დეზინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თითქოს ხელისუფლება ზღუდავს მედიას და მეორე – თითქოსდა რუსეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს, როცა ამ დედის გინებას აფასებს შესაბამისად, როგორც პროვოკაციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.