გია ვოლსკი - უმრავლესობის სხდომაზე იყო მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე და გაგრძელდება სამშაბათს პოლიტსაბჭოზე
გია ვოლსკი - უმრავლესობის სხდომაზე იყო მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე და გაგრძელდება სამშაბათს პოლიტსაბჭოზე

დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იყო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებას „საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია ექნება“.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა იყო და გაგრძელდება სამშაბათს პოლიტსაბჭოზე. ვფიქრობ, ხვალ დილას გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა თანამდებობას მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს გაცილებით უკეთეს და სიღრმისეულ განცხადებას, ვიდრე ახლა შემიძლია ერთი სიტყვით ვთქვა. გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რომელიც არ ითვალისწინებს წინ გადახტომას იმ განცხადებაზე მაშინ, როდესაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველასთვის იქნება მოცულობითი და საინტერესო ინფორმაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.