გია ვოლსკი - უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, იქ არის სალომე ზურაბიშვილიც
გია ვოლსკი - უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, იქ არის სალომე ზურაბიშვილიც

უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს. მისივე თქმით, არც მის შეწყალებას გამორიცხავს, რასაც, ვოლსკის შეფასებით, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

„ფასეულობების განსხავებებია იმ ადამიანთა შორის, ვინც ამბობს, რომ „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის და ნებისმიერი ადამიანის დაწვა არ შეიძლება და არიან მეორენი, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ იმისკენ, რომ ასეთი საქციელი იყოს სამაგალითო. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მეცოდება ყველა, ვისაც რამეს მიუსჯიან, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში აშკარაა, რა გვიდევს ზედაპირზე, საზოგადოებამ საიდან უნდა გააკეთოს დასკვნა. არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც ცოცხალ ადამიანს, ნებისმიერ გარემოებაში, წვავ და სიკვდილს უპირებ და მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მით უმეტეს, თუ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა. არც მის შეწყალებას გამოვრიცხავ. შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება, გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.