გია ვოლსკი - უფრო ეფექტიანი ფორმატის შექმნაზე ჩვენი სურვილი და მისწრაფება არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს
გია ვოლსკი - უფრო ეფექტიანი ფორმატის შექმნაზე ჩვენი სურვილი და მისწრაფება არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს

დიმიტრი ნოვიკოვსა და რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ნოვიკოვის განცხადებასთან დაკავშირებით ნორმანდიული ფორმატის შესახებ.

როგორც გია ვოლსკი ამბობს, მოლაპარაკების ყველა ფორმატი გარკვეულ წინაპირობებს მოითხოვს. მან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი გარკვეულ წინაპირობებს ითხოვს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჟენევას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და ჩვენი სურვილი და მისწრაფება, უფრო ეფექტიანი ფორმატი შეიქმნას, არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება.  ნოვიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი, განსხვავებული ვითარებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტის თქმით, მაგალითად, საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი.