გია ვოლსკი - თვალსაჩინოა, რომ არასამთავრობოებმა გაშავება მოინდომეს იმ პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს
გია ვოლსკი - თვალსაჩინოა, რომ არასამთავრობოებმა გაშავება მოინდომეს იმ პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს

თვალსაჩინოა, რომ არასამთავრობოებმა გაშავება მოინდომეს იმ პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

„არასამთავრობო სექტორმა მოინდომა გაშავება იმ პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ესეც ძალიან თვალსაჩინოა. ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს პასუხი, მსოფლიო ბანკის შეფასებები არსებობს საქართველოში ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ და აგრეთვე, არსებობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გადაწყვეტილება, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს ფილიალი გახსნან საქართველოში. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ყველაფრის პასუხია.

ამის საპირისპიროდ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც უაპელაციოდ, არა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის საექსპერტო დასკვნა, არამედ როგორც პოლიტიკური პარტიის განცხადება, ისე ისმის. იუსტიციის მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად უნდა პასუხობდეს იმ არაობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ჩვენ პოზიციას, არამედ საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების დასკვნებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში. მინისტრის თქმით, ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად. წულუკიანმა ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომლის თქმითაც, მმართველი პარტია მათ თავს ესხმის, მათ შორის, თეა წულუკიანი.