გია ვოლსკი - თუ რამე არ მსიამოვნებს, ეს არის ზვიად ძიძიგურის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და აქამდეც მივედით
გია ვოლსკი - თუ რამე არ მსიამოვნებს, ეს არის ზვიად ძიძიგურის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და აქამდეც მივედით

თუ რამე მთრგუნავს და არ მსიამოვნებს, ეს ზვიად ძიძიგურის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმაა და აქამდეც მივედით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ზვიად ძიძიგურის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ზვიად ძიძიგურს თავისუფალ კენჭისყრაზე ინფორმაცია კი არ უნდა მისვლოდა, კარგი იქნებოდა, მსჯელობისას თავად ყოფილიყო, რადგან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი აზრი მნიშვნელოვანი გუნდში იყო.

„ზვიად ძიძიგური ყურადღებას მხოლოდ ერთ ნაწილზე ამახვილებს, რომელმაც პრობლემა შექმნა, მაგრამ უფრო მძიმე პრობლემა იყო, რისთვისაც თვალის გასწორება საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, ეს იყო განსხვავებული პოზიციის მქონე ჩვენი კოლეგების პარტიიდან გარიცხვა, რომლებიც იმპერატიულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ. თუ ბიძინა ივანიშვილმა ამ იმპერატიულ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა, ამით მისთვის დამახასიათებელი პოზიცია და სტილი გამოავლინა, რომელზეც ოპონენტებს ასეთი ორგანიზებული შეტევა აქვთ, რომ იგი ერთპიროვნულად წყვეტს. ძალიან გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ამ არასწორ მოსაზრებას მცირედით, მაგრამ გარკვეულად კვერი დაუკრა. ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, გუნდის გახლეჩვა რეალური იყო, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ თავი აარიდა.

„ყველანაირ ლოგიკაში ჯდება, რასაც თავისუფალი კენჭისყრა ჰქვია. ამ პირობებში მორალური უპირატესობა განსახილველი არ არის. თუ რამე მთრგუნავს და არ მსიამოვნებს, ეს ზვიადის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმაა და აქამდე მივედით. არანაირ მორალურ უპირატესობაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე უნდა მსჯელობდეს ზვიადიც და ყველა ის ადამიანი, რომლებიც „კმარას“ მეთოდებით ქალაქში დარბის და დესტრუქციულ ღონისძიებებს აწყობს. იმ ხალხის გამო განვიცდი, ვინც აქტივისტი არ არის და შეცდომაშია შეყვანილი”, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით, ბიძინა ივანიშვილმა რეპუტაციული ზიანი მიიღო. „როცა თავისუფალ კენჭისყრაზე უმრავლესობიდან ინფორმაცია მოვიდა, ჩემთვის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაგდებული თემა იყო. გულუბრყვილო უნდა იყო, იფიქრო, რომ როცა იცი, 73 მაჟორიტარი საკითხს არ უჭერს მხარს, ეს კენჭისყრაზე გავა. სწორედ ამიტომ, პირველი და მთავარი დარტყმის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი დადგა. როცა ორი ადამიანიდან ერთი მეორეს ატყუებს და მოტყუებული ეუბნება, რატომ მომატყუეო, მას აქვს ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.