გია ვოლსკი - ტემპთან დაკავშირებით თუ მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები
გია ვოლსკი - ტემპთან დაკავშირებით თუ მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები

თუკი ტემპთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა იქნება და მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა.

„შესაშური ინტენსივობით, ყოველ თვე, შეიძლება უფრო ხშირადაც ისმის კითხვა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი და ათასგვარი ჭორ-მართალი, თუ ვინ რა პოსტს დაიკავებს მთავრობაში. მთავრობა არის სტაბილური. ცვლილებები ნამდვილად მოთხოვნილია, რომ პროექტები გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს, ვიდრე დღეს. ეს მოთხოვა არის პარტიის თავმჯდომარის, ასევე საზოგადოების მხრიდან.თუკი ამ ტემპთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა იქნება და მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ამის წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ კვირიკაშვილი იუნისეფი-ს კვლევის გამო გადადგა, ბახტაძე რატომ იკავებს პოსტს ლარის გაუფასურების პირობებში, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე შენელებული პროცესები იყო.

„თქვენ იცით, რა ხდება რეგიონში და იცით მსოფლიოში რამდენად სერიოზული ზიანი მიადგა ჩვენი პარტნიორების ეკონომიკებს, იცით აგრეთვე იმ დესტრუქციული მოქმედებების შესახებ, რომელსაც ინტენსიურად ახორციელებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარეა ის მოთხოვნაც – სწრაფი განვითარება და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა. ბევრი რამაა ისეთი, რაზეც შენიშვნა შეიძლება გქონდეს და ბევრი საკითხია, რომელსაც სწრაფი გადაწყვეტა სჭირდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლების ეფექტურობა არის იმავე დონის, რაც იყო წინა მთავრობის პირობებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.