გია ვოლსკი – თავის მოკატუნება, თითქოს უცებ ვიღაცამ მოინდომა პარტიების გაუქმება, სამართლიანი არ არის, განა არ ყოფილა სადისტური მმართველობა?

15:22, 19.10.2026

ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რომ პარტიების აკრძალვა არ შეიძლება, რადგან დემოკრატიის სტანდარტს არღვევს, მაგრამ არცერთხელ, არავისგან, არც შინააქტორებისაგან და არც გარეაქტორებისაგან არ მოგვისმენია კონკრეტული არგუმენტი, რატომ არ უნდა აიკრძალონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, განა არ ყოფილა სადისტური მმართველობა? განა უამრავი მოწმე არ არსებობს, როგორ მართავდნენ ქვეყანას და 2012 წლიდან მოყოლებული აქვს თუ არა სისტემური ხასიათი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ საბოტაჟს?

„მცდელობები იყო, რომ შეჯახებას სისხლისღვრა მოჰყოლოდა და რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო? ასევე, აქვს თუ არა ადგილი იმ რეალობას, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ე.წ. დაჯგუფებები სახელმწიფო სტრუქტურებს არ ცნობენ და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობას აცხადებენ, გინდ ქმედებით, გინდ განცხადებებით და გინდ მოწოდებებით? საკონსტიტუციო განხილვები მალე დაიწყება და ალბათ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი ხდება და უცებ ვიღაცამ მოინდომა პარტიების გაუქმება, სწორი და, მით უმეტეს, სამართლიანი არ არის“, – განცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ დანაშაული რეალურია, და დანაშაული ჩადენილია არა „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის მიმართ.

„ვერ გეტყვით, ოპოზიციურ ფლანგზე ვინ რჩება, ვინ წარმოიქმნება, ვინ შეიძლება პოლიტიკურ ასპარეზე გამოვიდეს და ილაპარაკოს სახელმწიფოს განვითარებაზე და შეგვედავოს, თუნდაც მწარედ დაგვიპირისპირდეს ყველანაირად, რასაც პოლიტიკური დაპირისპირება ჰქვია, მაგრამ ფაქტია, დანაშაული რეალურია, და დანაშაული ჩადენილია არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. ეს დანაშაული არის კონკრეტული ფორმებით, ქმედებებით და შედეგებით, რომლებიც ძირითადად უკავშირდება რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივ მცდელობებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა, მაგრამ 2021 წლიდან ყოველ წელს ინტენსიური მცდელობაა, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი