გია ვოლსკი - სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სისწორის დამტკიცება საგანგებო მნიშვნელობის თემაა
გია ვოლსკი - სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სისწორის დამტკიცება საგანგებო მნიშვნელობის თემაა

სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სისწორის დამტკიცება საგანგებო მნიშვნელობის თემაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მხარე საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი.

„წარდგენილია არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელთა თავის მოყრა რეალურად 2013 წლიდან დაიწყო და თან საქმეს ახლავს. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პოზიციამ გამარჯვება ჰპოვოს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

23 მაისს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა გაიმართება.

ქართულმა მხარემ განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. განაცხადი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მონაწილეობით, მათი მხარდამჭერი ან სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ჩადენილ ქმედებებს ეხება.

განაცხადი შეეხება, სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების,განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

23 მაისს დიდი პალატის მოსმენა თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.