გია ვოლსკი - სოლიდური თანხებია გადახდილი, თუნდაც რეზოლუციის შინაარსის შედგენაში, ყველაფერი მიუთითებს, რომ ლობისტურმა საქმიანობამ თავისი საქმე გააკეთა
გია ვოლსკი - სოლიდური თანხებია გადახდილი, თუნდაც რეზოლუციის შინაარსის შედგენაში, ყველაფერი მიუთითებს, რომ ლობისტურმა საქმიანობამ თავისი საქმე გააკეთა

პოზიციის გატანა და ევროპარლამენტარების პოზიციაში დარწმუნება კანონდარღვევად არ ითვლება, მაგრამ საქართველოზე უტიფარი და უზნეო შეტევის ფაქტს ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

„მოულოდნელად როდესაც ტალახში აღმოჩნდები, მხოლოდ ის დაგრჩენია, არასწორი ინფორმაცია გაავრცელო, თითქოს 600 ევროპარლამენტარის მოსყიდვაზეა ლაპარაკი. საუბარია ფინანსური რესურსების სანაცვლოდ პროპაგანდაში დასახმარებლად უშველებელი რესურსის მოზიდვაზე, მათ შორის ფინანსური, ადამიანური, ორგანიზაციების, მედიასაშუალებების. მათვე უწერიათ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სწორედ ლობისტური ჯგუფების მიერ ნამუშევარია, ანუ, პოზიციის გატანა და ევროპარლამენტარების პოზიციაში დარწმუნება. ეს კანონდარღვევად არ ითვლება, მაგრამ საქართველოზე უტიფარი და უზნეო შეტევის ფაქტს ადასტურებს.

დარწმუნებული არ ვარ, რომ კუბილიუსი ან ნებისმიერი სხვა ისეთსავე უტიფარ რეზოლუციას ვერ დაწერდა, როგორიც იყო გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, ფიქრი იმაზეა, რომ დეპუტატები, ვინც ბოლომდე გაცნობილი არ არიან, არ არიან პროცესში ჩართული და არ არიან ასეთი ორგანიზებული შეტევის მონაწილეები, სწორედ ესენი საჭიროებენ დამატებით ლობისტურ ზეწოლას, რათა პოზიციას დაუჭირონ მხარი. ფაქტია, საკმაოდ სოლიდური თანხებია გადახდილი, თუნდაც რეზოლუციის შინაარსის შედგენაში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ შინაარსის გარშემო დეპუტატების გასაერთიანებლად ლობისტურმა საქმიანობამ თავისი მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.