გია ვოლსკი - სიმონ ნოზაძემ მელიას ერთხელ შეახსენა, რომ წარჩინებული მოწაფე იყო უსაფრთხოების სკოლის, სადაც ერთ-ერთი მიმართულებაა პროვოცირების მოწყობა
გია ვოლსკი - სიმონ ნოზაძემ მელიას ერთხელ შეახსენა, რომ წარჩინებული მოწაფე იყო უსაფრთხოების სკოლის, სადაც ერთ-ერთი მიმართულებაა პროვოცირების მოწყობა

სიმონ ნოზაძემ ერთ-ერთ სხდომაზე მელიას შეახსენა, რომ წარჩინებული მოწაფე იყო უსაფრთხოების სკოლის, სადაც ამ მიმართულების ერთ-ერთი ნაწილია პროვოცირების მოწყობა და ამ პროვოცირებით სარგებლობა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, შეგრძნება მაქვს, რომ ეს არ არის ბოლო პროვოკაცია. რასაკვირველია, როცა არგუმენტებით დაპირისპირება უკვე სირთულეს წარმოადგენს და მიმდინარე პროცესების შეფასება გაცილებით მეტ ცოდნას მოითხოვს, მაშინ უკვე ეს აგრესია მოდის.  მიუხედავად იმისა, რომ ეს პროვოცირება გეგმაზომიერად წარმოებული სტრატეგიის ნაწილია, არანაირი გამართლება არ აქვს საპასუხო ფიზიკურ დაპირისპირებას, რადგან სახელმწიფოსთვის ეს სერიოზული ზიანის მომტანია. მიკროფონის ჟურნალისტისთვის წართმევა და ჩხუბში გამოყენება არის კომპლექსი დაგეგმილი პროვოკაციის.

ერთ-ერთ სხდომაზე სიმონ ნოზაძემ ნიკანორ მელიას შეახსენა, რომ უსაფრთხოების სკოლის წარჩინებული მოწაფე იყო, სადაც ამ მიმართულების ერთ-ერთი ნაწილია პროვოცირების მოწყობა და ამ პროვოცირებით სარგებლობა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად. ჟურნალისტების ან სხვა ადამიანების უფლებები უგულებელყოფილია. იქნება მომხრეების შეგულიანების აშკარა გეგმა, იდეაც ამაში გამოსჭვივის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობა, ვიდრე შსს-სგან არ მიიღებდა გარანტიას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესახებ, გია ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ოფისის წინ არაფერი ხდებოდა და ფაქტებს მელიას ქმედების გადაფარვის მიზნით აზვიადებენ.

„საპასუხო ქმედებები არ გვინახავს. რასაკვირველია, ხულიგნურ ქმედებებს ხულიგნური ქმედებები არ უნდა დაუპირისპირო და ეს ფაქტია, მაგრამ ის არ არის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოება ვერ დაადასტურა. ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი აკავებდათ, გარეთ არ გასულიყვნენ. თქვენც გადაიღეთ, რომ რეალურად, იქ არაფერი ხდებოდა. ამის გამუქება იმიტომ ხდება, რომ ნიკა მელიას ხეპრული საქციელი გადაიფაროს. პოლიტიკურ ველზე ასეთი დაძაბულობა და დაპირისპირება ხდება, დაპირისპირებული პოლიტიკოსები განვითარებულ ქვეყნებშიც არაერთხელ გვინახავს, სადაც ერთმანეთს ხელითაც ეხებიან, მაგრამ როცა ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, ამ მომენტში უნდა ვიფიქროთ, არა კობახიძის მიმართ დაპირისპირების თუ მუქარის გარემოებებზე, არამედ ეს არის მუქარა სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ამის გადატანა იმ ფორმატში, იყო თუ არა ორ ადამიანს შორის კონფლიქტი რაღაც ლოკალური ხასიათის, არასწორი იქნებოდა. გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს და ახორციელებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი. მისივე თქმით, კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება.

„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი, რადგან იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები. გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო შენობის უსაფრთხოდ დატოვება. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა. ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.