გია ვოლსკი - შეზღუდვები, რაზე საუბარიც ჩვენი ოპონენტების წამოწეული თემაა, არავის ინტერესში არ არის, მედიის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია და გავაგრძელებთ მის დაცვას
შეზღუდვები, რაზე საუბარიც ჩვენი ოპონენტების წამოწეული თემაა, არავის ინტერესში არ არის, მედიის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია და გავაგრძელებთ მის დაცვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კანონპროექტის კომენტარისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი წმინდად ტექნიკურია.
„კანონპროექტი ეხება წმინდად ტექნიკურ საკითხს, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს ტექნიკურ ნაწილში. ვერანაირად ვერ შეეხება და რასაკვირველია, არ შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მედიათავისუფლებას და თუნდაც, ინტერნეტსივრცეს. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები, რაზეც საუბრობენ, ძირითადად ჩვენი ოპონენტების მიერ წამოწეული თემაა. არავის ინტერესში არ არის, რომ შეზღუდოს. რატომ უნდა შეზღუდოს, ჯერ ეს ერთი. მეორეც, ჩვენ საკმაოდ მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედიათავისუფლების სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ შეელევა, ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია და გავაგრძელებთ ამის დაცვას“, – აცხადებს გია ვოლსკი.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.