გია ვოლსკი შეწყალებაზე მორატორიუმს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
გია ვოლსკი შეწყალებაზე მორატორიუმს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში სტრესი შემოიტანა და ბევრი რამ საკამათოა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ვითარება თავიდან ბოლომდე გასარკვევია.

ამასთანავე, ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

„განმარტებები, თუ როგორ იყენებს თავის დისკრეციას პრეზიდენტი, მისმა ოფისმა უნდა გააკეთოს და შემდეგ გადავწყვეტთ, რაშია საქმე. მორატორიუმი სწორია, შეწყალების პროცესი რაღაც პერიოდი უნდა გაჩერდეს, რადგან სტანდარტების გარეშე შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ერთი ადამიანი ვერც ერთ სფეროში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ შეცდომა არ დაუშვას. აუცილებელია კრიტერიუმები, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილება მოჰყვება. არ შეიძლება, კრიტერიუმების გარეშე გადაწყვეტილების მიღება არც ერთ სფეროში, რადგან საკითხის ახსნა რომ მოგინდეს, ვერანაირად ვერ დაასაბუთებ გადაწყვეტილების საფუძველს. კრიტერიუმებზე არსებობს საზოგადოებრივი მორალური შეთანხმების პრინციპი, რომელიც მოქმედებს, ტრადიციაზეა დამოკიდებული ან საერთო კონსენსუსია საზოგადოებაში. ვფიქრობ, იქედან უნდა დავიწყოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. შეწყალება იმ ადამიანის შეიძლება, ვინც ინანიებს, ვისაც დაზარალებული მხარე არ ედავება, ვისაც შედარებით მსუბუქი დანაშაული აქვს და სოციალურად საშიში არ არის. ასეთი კრიტერიუმების შეთანხმება შეიძლება არა მხოლოდ საკანონმდებლო ფორმატში, არამედ საზოგადოებრივი კონსენსუსი გზით“, – მიიჩნევს გია ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

დატოვე კომენტარი