გია ვოლსკი - შეთანხმება აუცილებელია, თუმცა წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნებია
გია ვოლსკი - შეთანხმება აუცილებელია, თუმცა წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნებია

შეთანხმება აუცილებელია, თუმცა წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება სურს.

„შეთანხმება აუცილებელია. გაცილებით უფრო რთული მოლაპარაკებების მონაწილეც ვყოფილვართ, მათ შორის მეც. შეთანხმება აუცილებელია, თუ ქვეყნის ბედი გენაღვლება, მაგრამ არ შეიძლება, ეს შეთანხმება საზოგადოების ხარჯზე მოხდეს. ასე, რომ წითელი ხაზი იქ არის გავლებული, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. კიდევ ბევრი სხვა საკითხია, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს და ნებისმიერ სხვას, აქ რასაკვირველია, მსჯელობა შეიძლება. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ეს ის თემა არ არის, სადაც პარალელი შეიძლება გაივლოს. სახელმწიფოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. სახელმწიფოს ინტერესებში არ არის ახალი სტრესი და დესტაბილიზაცია, თუნდაც ახალი არჩევნები, უშველებელი ხარჯები. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო დონეზე ეს არჩევნები აღიარებულია, როგორც სამართლიანი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავასკვნათ, რა უნდა ოპოზიციას. ოპოზიციის დიდ ნაწილს სააკაშვილის მეთაურობით დესტაბილიზაცია უნდა. ეს არის მთავარი ამოცანა. თუნდაც ვადამდელი არჩევნები არ მგონია, რომ მათი მიზანი იყოს. სტრატეგიული გეგმა სულ სხვაა. მთავარი ამოცანაა კოვიდის გავრცელება, ქვეყნისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება და დესტაბილიზაცია. ამაზე არანაირი კომპრომისი არ შეიძლება დაშვებული იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბევრი საკითხია, რომელზეც უმრავლესობამ და ოპოზიციამ პარლამენტში უნდა იმსჯელონ, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

„საარჩევნო კოდექსი შეიხლება დაიხვეწოს. ეუთო/ოდირის წინადადებებია, რომელიც საინტერესოა და განსახილველად ღირს. უამრავი თემაა, რომელიც უკავშირდება ურთულეს სიტუაციას, რომელსაც მთელ მსოფლიოს კოვიდიც უქმნის. სოფლის მეურნეობა იქნება, ეკონიმიკა, ინფრასტრუქტურა თუ განათლების სფერო – ყველაფერი საჭიროებს შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებას და სტრატეგიულ გეგმას. ამ თემასთან დაკავშირებით არის პარლამენტში სალაპარაკო. ამ თემაზე ჯანსაღი მსჯელობა და პოლემიკა უნდა იყოს.

არ შეიძლება, რომ საზოგადოების ხარჯზე დაუშვა ე.წ კომპრომოსი, რომელსაც დაარქვეს რატომღაც ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. ეს არ არის ჩვენი ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის შედეგი, ამაში მხოლოდ ჩვენ არ ვმონაწილეობთ. საზოგადოების უშველებელი ნაწილია ჩართული ამ პროცესებში. ზოგმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ზოგმა უმრავლესობას. არ შეიძლება, მათ ხარჯზე რაიმე კომპრომისები იყოს დაშვებული. ეს არის წითელი ხაზი.”

ამასთან, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, ოპოზიცია ვის უწოდებს პოლიტპატიმარს.

„არ ვიცი, პოლიტპატიმრებს ვის ეძახან. ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე გადაწყვეტილებები მიიღეს და ვთქვათ, დავით გარეჯი სხვა სახელმწიფოს ჩააბარეს, თუ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს რყევით ან კანონის დარღვევით შეიძლება პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ?! პოლიტიკურ პატიმრებად ვერ ჩაითვლებიან და არც ერთ საერთაშორისო სტანდარტში არ შეიძლება, ეს ადამიანები, როგორც პოლიტპატიმრები ისე იყვნენ წარმიდგენილნი. მეორე საკითხია, რას გადაწყვეტს სასამართლო, რომლის საქმიანობაში ჩარევას მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, საქართველო არ დაუშვებს. საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით, მსიფლიოში პირველ ოცეულში ადგილს მყარად იკავებს და ევროპის მასშტაბით უფრო უკეთესი მაჩვენებლებია. როგორ შეიძლება, პოლიტიკურმა პარტიამ რაიმე მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რომლიც სასამართლოს თემას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.