გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადება პოლიტიკური პლატფორმიდან არის გაკეთებული
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადება პოლიტიკური პლატფორმიდან არის გაკეთებული

პარლამენტს პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტურ დასკვნებს აკეთებდეს.

გია ვოლსკი გამოეხმაურა ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა“.

გია ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველი კომპეტენტურ დასკვნას ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს.

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაშია.

„ასეთი განცხადების ანალიზი არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდან მძიმედ შესაფასებელი, ვინაიდან, რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით ჩატარდა, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. რა რეკომენდაციებიც იყო დარჩენილი, ისიც ბოლომდეა მიყვანილი. სწორედ ჩართულობაზე უარის თქმა განაპირობებს შემდგომ დაპირისპირებებს, პოლიტიკურ პლატფორმებს შორის ანტაგონიზმის გაღრმავებას. სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი. ვერანაირ დასკვნას ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს, არ გამოიტანა დასკვნა, რამდენად მიკერძოებული იყო იუსტიციის საბჭო ამ კანიდატურების წარმოდგენაში, რამდენად შეესაბამება რეალობას იმის მტკიცება, რომ სასამართლო ორგანოში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღება. ამის შემდეგ კომპეტენტური დასკვნის საშუალება ექნებოდა. დღეს კი, ეს პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.